ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბაკურიანში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი დააკავა
21:52 / 08.11.2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით,
ბაკურიანში დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე
„კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობს საკურორტო ზონებში სახელმწიფო მიწების თვითნებურად დაკავებისა
და უკანონო მშენებლობების შემთხვევებს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს
სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ „კრისტალ ჯგუფის“ კომერციული სახელწოდების
ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს
ჯგუფის“ და შპს „ჰოტელს
მენეჯმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა
ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე
ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო,
სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა
მხოლოდ „კრისტალ ჯგუფის“ მომხმარებლებს ჰქონდათ.
უწყების ინფორმაციით, უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების
რეალიზაციით მიღებულმა უკანონო შემოსავალმა რამდენიმე ათეულ მილიონ
ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის
ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
გამოძიება გრძელდება „კრისტალ ჯგუფის“ დანაშაულებრივი საქმიანობისა და
მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის საჯარო მოხელეების
იდენტიფიცირების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მეორე ნაწილით
და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.