საქართველოში არასრულწლოვანთა ორსულობის შემთხვევები გაიზარდა, მაშინ
როცა არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა შემცირდა.
ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ბავშვობის ასაკში
ქორწინებას, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, კვლავ სერიოზულ პრობლემად
რჩება.
“გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია
არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი
მშობლების რაოდენობა.” - ვკითხულობთ
ანგარიშში.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ
11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025
წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა. სახალხო დამცველის
მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის
ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა.
“ სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან
ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე,
თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025
წელს გადადგმულა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
სამართალდამცავი უწყების მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა
განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. არასრულწლოვანთა
ქორწინების იძულების დასადგენად (ან გამოსარიცხად) საჭიროა
სრულფასოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის,
არასრულწლოვნის სპეციალური მეთოდოლოგიით გამოკითხვა, ფსიქოლოგის
ჩართვა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ არის
უზრუნველყოფილი საგამოძიებო ბერკეტები, მათ შორის, მოწმის
უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, რთული და, რიგ შემთხვევაში,
შეუძლებელი ხდება ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების
დადგენა.”
სახალხო დამცველის ანგარიშის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების
ფარგლებში შესწავლილი ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების
სტატისტიკა ოფიციალურად არ აღირიცხება.
ამასთანავე, არ ქვეყნდება ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან
დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკა, შესაბამისად, უცნობი რჩება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან
დაკავშირებით შესწავლილი საქმეების სრული სურათი. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ
მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთან ქორწინების
მოტივით ჩადენილ 148 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 88
შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით
ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 63 არასრულწლოვანი, ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნა 69 პირის მიმართ დაიწყო.
2025 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ადრეულ ასაკში/ბავშვობის ასაკში
ქორწინების 162 შემთხვევა შეისწავლა.
ანგარიში იხილეთ
აქ: