საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული
პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს
ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის
გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ,
იგი ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახდენდა, რითაც
ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების
მოძრაობას. ამ გზით, მან მილიონობით ლარის ღირებულების ვირტუალური
აქტივის ტრანზაქცია შეასრულა", -
წერია ფინანსთა
სამინისტროს განცხადებაში.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფულის მთვლელი აპარატები,
კომპიუტერული ტექნიკა, რვა მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და
სიმ-ბარათი, ასევე საქმისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე
მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით
თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.