ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ფულის გათეთრების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურა-მ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ქვემო ქართლი-ს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მოქალაქეებს სწრაფი მოგების მიღების დაპირებით სხვადასხვა სახის აქციების ვირტუალურად შეძენაში თანხის დაბანდებას სთავაზობდა. შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე, მათ შორის ბრალდებულის ანგარიშზეც,

სხვადასხვა ოდენობის თანხებს რიცხავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ბრალდებული ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 42 პირის კუთვნილ, ჯამში 337 337 ლარს მოტყუებით დაეუფლა. აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და ჯგუფის სხვა წევრებმა თანხები სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს და კრიპტოვალუტაში დააკონვერტირეს, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით — დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისთვის, ასევე 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით — ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარედგინა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

პროკურატურის განცხადებით, მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები