გამოცემა „ჩემი ხარაგაული“ აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ გამოქვეყნებული ფოტოდან მათი ჟურნალისტი გააქრეს
გამოცემა „ჩემი ხარაგაული“ აცხადებს, რომ ხარაგაულის საკრებულომ 2026 წლის 6 ივლისის სხდომის ამსახველი ფოტო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე თავდაპირველად ისეთი ვერსიით გამოაქვეყნა, სადაც გამოცემის ჟურნალისტი ნინო კაპანაძე კადრიდან ამოჭრილი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი სხდომის განმავლობაში იმავე ადგილზე იჯდა, რასაც სხდომაზე მყოფი პირებიც დაადასტურებენ. მათი თქმით, ფოტოს შეცვლილი ვერსია მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, მესენჯერით გაუგზავნეს, რის შემდეგაც საკრებულოს ფეისბუქგვერდზე

მალევე რეალური ფოტო აიტვირთა.

“სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში შემოუერთდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც ჯერ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა, - „მეც მჭირდება სხდომაზე დასაჯდომი ადგილიო“; სკამი რომ შემოუტანეს, ჟურნალისტის მისამართით იხუმრა, - ფოტოებში მაინც გამოჩნდებითო. მასაც შეუმჩნევია, - სხდომებზე ფოტოებს ისე რომ იღებენ, ჩვენ, ჟურნალისტები კადრებში რომ არსად გამოვჩნდეთ. ვინაიდან საკრებულოში ყოველთვის მოქალაქეების ინფორმირების მიზნით მივდივართ და არა - ფოტოაპარატების წინ საპოზიოროდ, - ამ დრომდე მათი ასეთი ქცევა-დამოკიდებულებისთვის მნიშვნელობა არასდროს მიგვინიჭებია.” - წერს "ჩემი ხარაგაული"

გამოცემის კითხვაზე, რატომ გაქრა ჟურნალისტი ოფიციალურად გამოქვეყნებული ფოტოდან, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გამოცემამ მას წერილობითაც მიმართა და ოფიციალურ პასუხს ელოდება.

ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები