სიახლე
იტალიიდან გამოგზავნილ ველოსიპედში 268 აბი და 10 ნატეხი სუბუტექსი ვიპოვეთ – შსს
შსს-ს ინფორმაციით, იტალიიდან გამოგზავნილი ველოსიპედიდან, რომელშიც სპეციალური სამალავი იყო მოწყობილი, პოლიციამ თბილისში 268 აბი და 10 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” ამოიღო. საქმეზე შსს-მ ორი პირი დააკავა , რომელიც უწყების თქმით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ.

უწყების განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო: ნეტგაზეთი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია