პოლიციამ ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print