ნარკოტიკების რეალიზაციაზე დაკავებული ოჯახის წევრი - ნარკოტიკებს რუსეთში ვყიდულობდით და საქართველოში ავტობუსით ჩამოგვქონდა, აქ კი ჩვენი მშობლები აფასოებდნენ
ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა აბრამიძე გამოძიებას დაკავების შემდეგ აღიარებითი ჩვენება მისცა. ნიკა აბრამიძის ჩვენებას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, აბრამიძემ ჩვენება ბრალის წარდგენამდე მისცა, თუმცა ბრალდებულად ცნობის შემდეგ მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი ჩაუდეს. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, აბრამიძემ განმარტა, რომ მას დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა.

გამოძიებისთვის ბრალდებულად ცნობამდე მიცემულ ჩვენებაში კი ნიკა აბრამიძე ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემის დეტალებზე საუბრობს. მისი ჩვენების თანახმად, ოჯახი ნარკოტიკებს რუსეთში ყიდულობდა და საქართველოში ავტობუსით ჩამოჰქონდა.

„ჩემი ძმა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა პეტერბურგში, რა დროსაც გაიცნო ვინმე სანია, რომლის გვარი და სხვა პერსონალური მონაცემები არ ვიცი. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, არავინ მუშაობდა, ამიტომ მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ გამოგვენახა რაიმე გზა, რომელიც ფულის შოვნას შეგვაძლებინებდა. ვიცოდით, რომ არსებობდა ინტერნეტსაიტი "მატანგა", სადაც სხვადასხვა სახის ნარკოტიკის გასაღება შეიძლება... დავრეგისტრირდით "მატანგაზე", სახელით MEGASHOP. ჩვენთვის ცნობილი იყო ინტერნეტსაიტი "ჰიდრაც", რომელიც ასევე დაკავშირებულია ნარკოდანაშაულთან. დაახლოებით ერთი წლის წინ მე და ჩემმა ძმამ "ჰიდრაზე" შევიძინეთ სხვადასხვა ნარკოტიკი, რომლებიც ჩვენთვის უცნობმა პირმა დაგვიდო მოსკოვში. ნარკოტიკი ჩვენი თხოვნით აიღო ჩემი ძმის მეგობარმა სანიამ და ავტობუსით გამოგზავნა საქართველოში. ჩვენ თბილისის მასშტაბით დავალაგეთ სხვადასხვა ადგილზე, გადავუღეთ სურათები და ავტვირთეთ ინტერნეტსაიტ "მატანგაზე". ჩვენი მაღაზია MEGASHOP-ის მეშვეობითაც ვყიდდით ნარკოტიკს. სისტემატურად ვყიდულობდით ინტერნეტსაიტ "ჰიდრზე", რომელსაც ჩემი ძმის მეგობარი სანია გვიგზავნიდა... თანხა "მატანგას" ანგარიშზე გვერიცხებოდა. ამის შემდეგ "მატანგას" ადმინისტრაციას ვწერდით წერილს და ვთხოვდით, თანხა გადაერიცხათ ჩვენთვის სასურველ ანგარიშზე (რამდენიმე ანგარიშზე ვრიცხავდით). აღნიშნულ საქმეში დახმარებას გვიწევდნენ ჩვენი მშობლები, ანა და ვიაჩესლავ აბრამიძეები. ისინი რუსეთიდან გამოგზავნილ ნარკოტიკებს ჩვენთან ერთად აფასოებდნენ და გვეხმარებოდნენ ქალაქში დალაგებაში“, - ამბობს ნიკა აბრამიძე ჩვენებაში.

მისივე ჩვენების თანახმად, ერთი ოჯახის 4 წევრი პოლიციამ 22 აპრილს დააკავა. ნიკა აბრამიძე ამბობს, რომ პოლიციამ ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარა და მისგან, ისევე როგორც მის მანქანაში არსებული სამალავიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი, რომელთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი - ანა, ვიაჩესლავ, დავით და ნიკა აბრამიძეები. შვიდკაციანი ორგანიზებული ჯგუფი ინტერნეტით ყიდდა ნარკოტიკებს. მათ ორგანიზებული ჯგუფის სტატუსი აქვთ და წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print