სიახლე
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბორჯომში გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონას ტელეფონები მიტოვებულ საამქროში იპოვეს

ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ბორჯომში ეძებენ, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან.

გოგონები დილიდან არავის უნახავს. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

,,ყველა უკიდურესად შეშფოთებული ვართ, ამ დრომდე არაფერი ვიცით დაკარგული მოსწავლეების შესახებ. დილიდან არავის უნახავს, არც სკოლაში ყოფილან. განსაკუთრებული ხასიათით გამორჩეული ბავშვები არ არიან, ორივე ჩვეულებრივი, მათი ასაკისთვის დამახსიათებელი გოგონაა, ვერაფერს ვიტყვი ვერსიებზე, მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში ძებნა, იმედია, უახლოეს მომავალში დადგინდება მათი ადგილსამყოფელი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.

ამ წუთებში, ბორჯომში, გაუჩინარებული გოგონების ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


 

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია