მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ბ.-მ 2020 წლის 1 თებერვალს, ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წყარო: inforustavi.ge
Print