ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.

უწყების განცხადებით, ამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა, ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს:

“საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი” – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები