თეთრიწყაროელი ქალის ცროვრება კარანტინში
„თავიდან რომ დაიწყო ეს ამბები და ვირუსი, ყველას ეშინოდა. ახლა უკვე მივეჩიეთ მდგომარეობას და აღარც ვაქცევთ ყურადღებას“ - გვიყვება თეთრიწყაროელი ქალი, რომლის სამსახურიც, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით დაიხურა. ჩვენი რესპონდენტი ქმართან, 12 წლის შვილთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას კარანტინის დროს წამოჭრილ პრობლემებზე ღიად საუბრობს, მაგრამ ვინაობის გამხელა მაინც არ ისურვა.

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში კარანტინის გამოცხადებიდან?

„ხანდახან 12 საათამდე მძინავს, მაგრამ როდესავ ვდგები მაინც ვაკეთებ ჩემს საქმეს. იმ გოგოებს ვწერ ვინც კარანტინში სხვაგან გადაიყვანეს. ვეკითხები, როგორ არიან.

ჩემი სამსახური უკვე ორი კვირაა დაიკეტა. ნეტავ კიდევ ერთი-ორი კვირა არ გაიხსნას. არ ვიმუშავებ და ცოტას მაინც დავისვენებ.

რაც სახლში ვარ მაინც სულ საქმეებში ვიყავი. „უბორკები“ გავაკეთე, მაგრამ ჩემს სახლს მაინც არაფერი ეშველება. ფანჯრები გადავწმინდე... რამდენიმე დღე ხეზე ვიყავი ჩამოკიდული და ჯონჯოლს ვკრეფდი, კარტოფილი დავთესე, ხავხვი. ქმარს ერთ დღეში დავათესინე ლობიო თავისი დაბარვით და ყველაფრით. ერთ-ორ დღეში უკვე გასათოხნიც მექნება. მეზობელთან ჩხუბიც მოვასწარი.“

- ბავშვი არ გეხმარება?

„ბავშვი მარტო თავის გაკვეთილებს ასწრებს. ორის ნახევარზე იწყებს და ხუთისთვის ძლივს ამთავრებს. იქაც ერთი ამბავი აქვთ ხოლმე, ბავშვები ყოველ წამს ყვირიან: „მას! მას!“ ის მასწავლებელიც სანამ ერთს უპასუხებს დანარჩენები გუგუნს იწყებენ.

მშობლებსაც მაინც და მაინც მაგ დროს ახსენდებათ მუსიკის ჩართვა, ჭურჭლის გარეცხვა, პატარა ბავშვის ცემა ტირილამდე. ლამის ვუყვირე იმ დღეს, რომ გაჩერებულიყო“.

კარანტინის დროს თეთრიწყაროელ ქალს სახალისო ისტორიაც გადახდა თავს.

„ერთხელ ძროხები დაგვეკარგა ჩვენ და მეზობელს. ერთად ვეძებდით ტყეში, იქ იქნებოდნენ. ტყეში მივდივართ და მეზობელი მეკითხება - „შვილო, მოდიხარ?“... ცოტა ხანში კიდე მკითხა - „მოდიხარ, შვილო?“ კი, მეთქი, და თან ვფიქრობ, ნეტავ რა უნდა ამ კაცს. თურმე ტყეში სიარულის ეშინია. გულზე კი მომეშვა მერე“

„ერთ დღეს კიდევ ძროხა ბუღა-სასიძოსთან ერთად მოვიდა. მეც დედამთილს ვითხრაი, აი დედა, დანამატს რომ არ ელოდებოდი შენთან თავისით მოვიდა მეთქი“

- ეს ყველაფერი რომ გაივლის, პირველ რიგში რა გინდა გააკეთო?

„ეს კარანტინი რომ დამთავრება მინდა ერთი მაგრად ვიქეიფო ჩემს გოგოებთან ერთად. ოღონდ ყველა კარგად ვიყოთ, მეტი არაფერი მინდა.“

Print