უკანონო თევზჭერის ფაქტი რუსთავში
გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავში, მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ფაქტის გამოვლენის დროსაც სამსახურის თანამშრომელი დაშავდა.

მამაკაცები თევზებს ელექტროშოკური აპარატის საშუალებით იჭრდნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კანონდამრღვევების დაკავების მიზნით გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი მტკვარში შევიდა, სადაც ელექტროშოკური აპარატი იყო ჩართული და მას დენმა დაარტყა.

ამ ფაქტს არ ადასტურებენ გარემოს ზედამხედველობის სამსახურში და აცხადებენ, რომ მამაკაცი იმ დროს წაიქცა, როდესაც გაქცეულ კანონდამრღვევებს გაეკიდა.

"უკანონო თევზჭერის ფაქტი დააფიქსირეს, რის შემდეგაც კანონდამრღვევები ადგილიდან გაიქცნენ და გამოდევნების დროს წაიქცა გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა არაფერი არ სჭირს და უკვე გამოწერილია," – განუცხადეს "ინფო რუსთავს" გარემოს ზედამხედველობის სამსახურში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

საავადმყოფოში მას შესაბამისის სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც მალევე გაწერეს.

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კანონდარღვევის შესახებ აქტი შედგება, რომელსაც შესაბამის სამსახურში გადააგზავნიან, რის შემდეგაც ფაქტზე გამოძიება დაიწყება.

ელექტროშოკური აპარატით თევზის დაჭერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

კანონის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები