საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვარკეთილში,
შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი უკვე
ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 130-მდე
მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა
შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის
შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის
ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ადგილზე იმყოფებიან და ხანძრის ქრობის პროცესს პირადად
ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე
და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ
მღებრიშვილი.
უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.
ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით,
დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის
ნივთები.
“იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელების
საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების
შედეგად, მისი აფეთქების საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძარი უკვე
ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ
დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით
ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, –
ნათქვამია შსს-ს განცხადბაში.