თამთა მიქელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

EMC სუს-ში მიმდინარე გამოძიებასა და ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამოკითხვის პროცესს ეხმიანება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და მიაჩნია, რომ მას სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი შეიძლება გააჩნდეს. ამასთან, ჩვენთვის პრობლემურია ამავე საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის მოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მიგვაჩნია, რომ გამოკითხვამ შესაძლოა ჩვენი მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს“. - წერია ორგანიზაციის განცხადებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასოვრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) მიერ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, სადაც მეუფემ მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და ულტიმატუმი წაუყენა.

„ეპისკოპოსის განცხადებას მკვეთრად შოვინისტური კონოტაცია ჰქონდა.ჯამდელიანის შეხედულებები სოციალური ქსელების მეშვეობით ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აქტიურად გაავრცელეს, რასაც თან ერთვოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მანამდეც დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენების, ასევე პანდემიის დროს მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვის დროს, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მიმართ სიძულვილის ენა და რიტორიკა აგრესიულად ვრცელდებოდა, მათ შორის, ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების მხრიდან. ცხადია, რომ ამ კამპანიამ მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა ადგილობრივ თემზე და აქტივისტებზე“ - წერს EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, სუს-ში დაწყებული გამოძიება ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების ლიდერებს უნდა მიემართოს, რომლებიც საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, თუმცა უწყების განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ გამოძიება იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობენ.

EMC რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტს, რომლებიც სუს-ში გამოკითხცაზე იყვნენ მისული, სამართლებრივ დახმარებას უწევს. გამოკითხვის შემდგომ გამოკითხულთა უმრავლესობასა და EMC-ის წარმომადგენელს სუს-მა გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულება დააკისრა. ორგანიზაცია წერს, რომ ამ მექანიზმის გამოყენება გამოკითხულ პირებს საკუთარი პოზიციების დაცვისა და უკმაყოფილების გამოხატვის შესაძლებლობას უსპობს.

„დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენთვის შეუძლებელია მოგაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია გამოკითხვის დროს დასმულ საკითხებზე. თუმცა, ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ფორმულირება საკმაოდ პრობლემურია და პირდაპირ ეხება აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებას და კონტროლს. საგამოძიებო ორგანო ინტერესდებოდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხზე გამოხატული მოსაზრებებით და ამ შემთხვევაშიც კითხვების ფორმულირება იმგვარი იყო, თითქოს ეს კრიტიკა თავისთავად პრობლემურია.გამოძიების პროცესში კითხვაც კი არ დასმულა იმ სტრესზე და ზიანზე, რომელიც ულტრაკონსერვატიული ჯგუფების სიძულვილის კამპანიის გამო ადგილობრივმა აქტივისტებმა მიიღეს და ძალადობრივი ჯგუფების თანასწორად განხილვა ძალიან მძიმე ემოციური გამოცდილება იყო მათთვის“ - აცხადებს EMC

EMC სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდება, რომ საჯაროდ დააზუსტოს თუ რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი და კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები