"კითხვების უმეტესობა ორგანიზაციის მარნეულში მუშაობას უკავშირდებოდა" - თამთა მიქელაძე სუს-სი გამოკითხვაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვა დასრულდა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას თამთა მიქელაძე ამბობს, რომ გამოკითხვის პროცესმა კონსტრუქციულად, მშვიდობიან რეჟიმში, ჩაიარა.

"გაუხმაურებლობის პირობა მაქვს დადებული, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვერ ვიტყვი თუ კონკრეტულად რა კითხვები დამისვეს, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ კითხვების უმეტესობა ორგანიზაციის მარნეულში მუშაობას უკავშირდებოდა" - გვითხრა თამთა მიქელაძემ

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ სუს-ის წარმომადგენლებს ის ზოგადი კრიტიკაც გაუზიარა, რომელიც ორგანიზაციას გამოძიების მიმართ აქვს.

"საქართველოს აზერბაიჯანულ თემში ჩვენ ახლა ვხედავთ უნიკალურ პროცესს დემოკრატიული თვითორგანიზების და სამოქალაქო აქტივიზმის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტივისტების სუს-ში დაბარებამ ამ აქტივიზმის შესუსტების ეფექტი არ იქონიოს. სამწუხაროა, რომ ასეთი დელიკატური საკითხების გადაწყვეტა მთავრობამ გამოძიებით დაიწყო და არა პოლიტიკური მექანიზმებით" - გვითხრა თამთა მიქელაძემ

EMC სუს-ში მიმდინარე გამოძიებასა და ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამოკითხვის პროცესს ეხმიანება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესს და მიაჩნია, რომ მას სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი შეიძლება გააჩნდეს. ამასთან, ჩვენთვის პრობლემურია ამავე საქმეზე გამოსაკითხი პირის სტატუსით ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის მოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მიგვაჩნია, რომ გამოკითხვამ შესაძლოა ჩვენი მუშაობის შემოწმების შინაარსი შეიძინოს“. - წერია ორგანიზაციის განცხადებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასოვრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) მიერ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, სადაც მეუფემ მარნეულის მერს ძეგლის რესტავრაციისათვის უსაყვედურა და ულტიმატუმი წაუყენა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები