მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ თვითმმართველობას უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად მოსახლეობის 75% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივ თვითმმართველობას უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 1 763-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხულთა 35% სრულიად ემხრობა მოსაზრებას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, მუნიციპალური საჭიროებების მოსაგვარებლად უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს. მოსაზრებას უფრო მეტად ემხრობა, ვიდრე არა გამოკითხულთა 40%, ხოლო საერთოდ არ ემხრობა 3%.

გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის მერი მის ინტერესებს საშუალოდ წარმოადგენს. 24% ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტი მის ინტერესებს უფრო წარმოადგენს, ვიდრე არ წარმოადგენს, 12% აზრით, მუნიციპალიტეტი სრულიად წარმოადგენს მის ინტერესებს, ხოლო 9% მიიჩნევს, რომ მერი საერთოდ არ წარმოადგენს მის ინტერესებს. 12% კი ფიქრობს, რომ მერი უფრო არ წარმოადგენს მის ინტერესებს, ვიდრე წარმოადგენს.

თითქმის იდენტურია მოსახლეობის დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს მიმართაც. გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ მისი მუნიციპალიტეტის საკრებულო საშუალოდ გამოხატავს მის ინტერესებს. 21% ფიქრობს, რომ უფრო გამოხატაცვს, ვიდრე ვერ გამოხატავს. 8%-ის აზრით სრულიად გამოხატავს, 10% მიიჩნევს, რომ მის ინტერესებს საკრებულო საერთოდ ვერ გამოხატავს, ხოლო 14%-ის აზრით უფრო ვერ გამოხატავს, ვიდრე გამოხატავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციიდან მოქალაქეები ყველაზე მეტად ნაგვის შეგროვებითა და დასუფთავების სერვისითა არიან კმაყოფილი, ყველაზე მეტად უკმაყოფილო კი - პარკებისა და სკვერების მოწყობით, გამწვანებითა და მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები