ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

სუს-ის ცნობით, დუშეთში მცხოვრები წყვილი ახალშობილის გაყიდვის მიზნით დაუკავშირდა პირს, რომლისგანაც 5 000 აშშ დოლარი მიიღეს:

“გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც ის დაეთანხმა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც დააკავეს”, –
წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ცნობით, გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები