სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული
სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი
პირი დააკავეს.
სუს-ის ცნობით, დუშეთში მცხოვრები წყვილი ახალშობილის გაყიდვის მიზნით
დაუკავშირდა პირს, რომლისგანაც 5 000 აშშ დოლარი მიიღეს:
“გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს 2020 წლის 18
ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ
განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც
შეუთანხმდნენ, რომ 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ,
რაზეც ის დაეთანხმა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო
რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა.
შეთანხმებისამებრ, 5 000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა,
რა დროსაც დააკავეს”, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე არასრულწლოვანის მიმართ უკანონო გარიგების
ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ცნობით, გამოძიებას
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.