“გიორგი ვითარების მსხვერპლია” – გარდაცვლილის ბიძა
“გიორგი არის ვითარების მსხვერპლი”, – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ გააკეთა ინგრა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.

მისი თქმით, გასარკვევია, აქვს თუ არა მონაწილეობა ვინმეს მიღებული ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილში, თუმცა, რომც აღმოჩნდეს, რომ შაქარაშვილი მოკლული არ არის, მისი გარდაცვალება ზოგადმა ძალადობრივმა ფონმა გამოიწვია.

“გიორგი ვითარების მსხვერპლი გახდა. რა იურიდიულ კვალიფიკაციას მივუსადაგებთ, ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის გარემო, რომელიც არ დასრულდა… გვეგონა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ ეს დასრულდებოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ხდება. ჩვენი შვილების ტრაგედიით ცხოვრებას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ იქნება საზოგადოების დაკვეთა, რომ… ვდგავართ და შსს-ს, პროკურატურას თუ სხვა უწყებებს ვუყურებთ, გახსნიან თუ არა ისინი დანაშაულს, იმაზე უნდა ვიფიქროთ, დანაშაულის პრევენცია და მისი მინიმუმადე დაყვანა როგორ მოხდეს. 30 წელია ვუყურებ იგივეს, რომ განათლების სისტემა არცერთ ხელისუფლებას აინტერესებს. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია? რა თქმა უნდა, განათლების სისტემამ, ჩვენ ყველა ვერთვებით ხოლმე იმაზე, გაიხსნება თუ არა დანაშაული, ეს ზედნაშენი პრობლემაა და არა პირველადი, პირველადია პრევენცია”, – აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა.

მისი თქმით, ოჯახმა გადმოცემით იცის, რომ წვეულებაზე, რომელზეც გიორგი იმყოფებოდა მეგობართან ერთად, ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება, შემდგომში დაიშალნენ და იქიდან წამოვიდნენ, თუმცა ინციდენტი უკვე მაგისტრალზე მოხდა.

“ავტობანზე რამდენიმე პირი წამოეწია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ესენი იყვნენ საშველად გამოძახებული ადამიანები იქ მყოფი ბავშვისგან”.

ამის შემდეგ, არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი დასამალად გაიქცა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. 4 დღის შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ექსპერტიზით ცხედარს აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ჯერ ოჯახს უჭირს დასკვნის გაკეთება, რამ გამოიწვია ეს დაზიანებები და შემდგომ ექსპერტიზას ელოდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები