რა წესები უნდა გაითვალისწინოთ საცხოვრებელი სახლის ვიდეომონიტორინგისას
საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მოქალაქემ საკუთარ საცხოვრებელ სახლზე ვიდეოკამერების განთავსებისას რამდენიმე წესი უნდა დაიცვას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვიდეოთვალთვალის სისტემის განთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნები არსებობს.

„საცხოვრებელი შენობების ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრისას, ნებისმიერი პირის ქცევა კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიდეომონიტორინგის არეალში მოხვედრილი პირების - მეზობლის, თანამესაკუთრის, საცხოვრებელ შენობაში მყოფი ადამიანების - უფლებების დაცვა და პატივისცემა“. - წერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში

საცხოვრებელ სახლის ვიდეომონიტორინგისას მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები.

  • ვიდეომონიტორინგის სისტემის დამონტაჟებამდე უნდა მოიპოვოთ შენობის მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა და განახორციელოთ მეზობლების სათანადო ინფორმირება (ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით);
  • ვიდეომონიტორინგის არეალში მოაქციეთ მხოლოდ თქვენი შესასვლელი და საერთო სივრცე;
  • სხვა მესაკუთრეთა ბინის შესასვლელის ვიდეომონიტორინგი შეგიძლიათ მხოლოდ მათი თანხმობით.

აღსანიშნავია, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები