თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ
პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით
ჭრილობა მიაყენა,
რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და
საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ ინსპექტორის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან
დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის
დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც
შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა
აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე
მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა
ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის
მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. აღნიშნული პიროვნება
სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც
შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია
სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს
ავრცელებს.