სიახლე
დააკავეს პირი, რომელიც გლდანში კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა
სამართალდამცავებმა თბილისში, გლდანში, დააკავეს პირი, რომელიც 9 ივლისის ღამით საცხოვრებელი კორპუსიდან ისროდა და პოლიციას კარს არ უღებდა.

უწყების ინფორმაციით, 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მივიდა როგორც პოლიცია, ისე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

როგორც შსს აცხადებს, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ – 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.

ბ.შ. დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც მან გაისროლა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.



წყარო: ნეტგაზეთი
| Print |