შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა პატიმრობის საფუძვლად მიმალვის საფრთხის არსებობას, მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.

„ამ პირების მიმართ არსებობს უამრავი არგუმენტი, იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტებია ის, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმის მასალებს და ასე შემდეგ, უამრავი გარემოებაა“
, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

11 სრულწლოვან ბრალდებულს – „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს;

„მერსედესის“ მგზავრებს: თენგიზ ბარბაქაძეს, გიგა ტატიაშვილს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს და ე.წ. აგარაკის ეპიზოდში მონაწილე პირებს, რომლებიც საქმეში საბურთალოელებად მოიხსენიებიან: საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მათმა ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სახით გირაოს შუამდგომლობას დააყენებდნენ. ადვოკატები ფიქრობდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა, რომ „სასამართლომ სათათბირო ოთახში გასვლაც არ ისურვა და ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება”.

„არც ის განიხილა, რომ 11-დან შეიძლებოდა რამდენიმეს სხვა სიმძიმე ჰქონოდა. დაკავების პერიოდში 8 ტომი იყო, დღეს 22-ია. მტკიცებულების მოპოვებაში ხელშეშლა ვერანაირად ვეღარ იქნებოდა ბრალდებულების მხრიდან, მაგრამ არაფერი არ გაითვალისწინა, წამებში გამოტანა ადვოკატი. არაფერი, არგუმენტი მათ ჰკითხეთ“,
– განაცხადა თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირის – არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. გამოძიება მათაც ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს ედავება.

არასრულწლოვანთა მართლმასჯულების კოდექსის მიხედვით, სავალდებულოა რომ მათი წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან 40 დღის განმავლობაში. ამ ვადის გახანგრძლივებას კანონი არ ითვალისწინებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმე მიმდინარეობს კიდევ ერთი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით, მაგრამ ამ დრომდე, ეს მუხლი არცერთ პირს წაყენებული არ აქვს.
წყარო: პუბლიკა
Print