სიახლე
სოფელ არსარვანში წყალი ქრება, გზის პრობლემა მოუგვარებელია, ბუნებრივი აირი კი არასდროს ჰქონიათ
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანში (არჯევან-სარვანში) მოსახლეობას გზის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის პრობლემები აწუხებს.

ისეთი სახის პრობლემები, როგორიცაა საძოვარი ტერიტორიების ნაკლებობა, ბუნებრივი აირის არარსებობა და გზის მოუწესრიგებლობა, საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტში გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი მუნიციპალიტეტი, მარნეულის მსგავსად, წალკაა.

არსარვანის მოსახლეობა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ სოფელში წლებია გზა და გაზი არ აქვთ. მათი თქმით, სხვა, მეზობელ სოფლებში აღნიშნული სახის პრობლემები აღარ არსებობს, მათ სოფელში კი არაფერი კეთდება.

„გზა ცუდია. მანქანა ფუჭდება, რამდენი წელია ასეთ მდგომარეობაშია. ბეშტაშის გზები მოაასფალტეს ჩვენი კი არა. ბუნებრივი აირი არაა, წყალიც კარგად არ მოდის. მთის და ჭის წყალს ურევენ და ადამიანები ავად ხდებიან“

„პირველ რიგში წყალია საჭირო. ყველა ეზოში ჭას აკეთებს და ანალიზიც არ გაკეთებულა. ეს წყალი დასალევად არ ვარგა მხოლოდ ტანსაცმლის სარეცხად გამოგვადგება. სასმელი წყალი არაა. მეორე, გზის პრობლემაა. 6-7 კილომეტრს მანქანა ნახევარ საათში გადის, როდესაც წესით 5-10 წუთი უნდა იყოს“

„გზაზე ვისაც როგორ უნდა ისე მუშაობს. 50 მანქანა ხრეში თუ არის საჭირო 2 მანქანას ყრიან. 3 რეისს აკეთებდნენ და იქ წერდნენ 100 რეისს. შეშასაც არ გვაძლევენ ტყეში როცა მივდივართ, გვაჯარიმებენ“.
- გვეუბნებიან არსარვანელები

არსარვანის მაცხოვრებლების ძირითადი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა.

წალკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ანზორ ხინიკაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისა თქვა, რომ სოფელის გაზიფიცირებისათვის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სავარაუდოდ, 2021 წლისთვის არსარვანსა და წალკის კიდევ 9 სოფელში ბუნებრივი აირი შევა.

„წყლის პრობლემაც მეტნაკლებად არის, მაგრამ ეს ძირითადად გამოწვეულია ზაფხულობით, ბოლო სამი თვის განმავლობაში. მაქსიმალურად მცირდება დებედის წყლის სათავეებზე. არ ვიცი ეს გლობალური დათბობის ბრალია თუ რა. ზოგ სოფელში წყლები სულ დაგვიშრა და ჭაბურღილები გავაკეთეთ და ა.შ. ამ სოფელში ჯერ არაფერი იგეგმება იმიტომ, რომ წყლის ნაკლებობაზე საუბარი ამ სოფელში წელს დაიწყო. გამომდინარე აქედან, მიმდინარე ბიუჯეტში წყალზე არაფერია“ - გვითხრა ანზორ ხინიკაძემ

რაც შეეხება გზის პრობლემას, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განმარტებით, სოფლამდე მისასვლელი გზის მხოლოდ 3 კილომეტრია მუნიციპალიტეტის ბალანსზე, დანარჩენი 5 კილომეტრი კი საგზაო დეპარტამენტის ბალანსზეა. ხინიკაძის განმარტებით, საგზაო დეპარტამენტი 2021 წლისთვის 5 კილომეტრიანი გზის მოასფალტებას აპირებს, რის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობა არსარვანამდე მიმავალ გზასაც გაიყვანს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია