ქვემო ქართლში გადაჭრეს ინტერნეტის კაბელები, რომლებიც სომხეთსაც უკავშირდება – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ორგან — მარნეულსა და დმანისში — ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაჭრეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებითაც ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სომხეთის რესპუბლიკასაც მიეწოდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“.

ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება“, – წერს უწყება.

დმანისი
გამოძიების თანახმად:

  • 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის“ კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა;
  • გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებ;
  • ამის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან, დაახლოებით, 3 საათში კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა;
  • გამოძიება დმანისის რაიონულ სამმართველოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სადახლო, მარნეული
გამოძიების თანახმადვე,

  • 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ.
  • ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.
  • აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.
  • გამოძიება ამ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, – წერს შსს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები