სასამართლომ „ენმ“-ს წევრ ლაშა ქველაძეს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
დღეს, 5 ოქტომბერს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ქველაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ლაშა ქველაძის ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, პროკურატურას 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა, ხოლო ჩვენ ვითხოვდით, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება არ გამოეყენებინა“ - განაცხადა დიანა მარტიაშვილმა

ადვოკატის განცხადებით, ლაშა ქველაძის ოჯახის წევრები დღეს გირაოს თანხას გადაიხდიან რის შემდეგაც ქველაძე წინასწარი დაკავების იზოლატორს დატოვებს.

ლაშა ქველაძე ოთხ ოქტომბერს დააკავეს. მას მარნეულის საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრზე, ცოტნე ბოჭოიძეზე, ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, და 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები