გაუცხოება და კავშირის არარსებობა - როგორ უნდა მოგვარდეს დმანისის პრობლემა
17 მაისს, დმანისში მომხდარი მასშტაბური დაპირისპირებიდან ორ კვირაზე მეტია გასული. მოსახლეობას შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე 16 მაისს დაიწყო, მაგრამ მოვლენები მეორე დღეს გამწვავდა. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მოსახლეობის ჯგუფებს შორის იდგნენ და მათ ფიზიკური დაპირისპირების შესაძლებლობას არ აძლევნენ, მაგრამ დმანისის ინციდენტის დროს ხშირი იყო ქვების სროლა, ჟურნალისტებზე ძალადობა და ჯგუფური თავდასხმები.

დმანისში დაპირისპირება მართლაც ყოფით ნიადაგზე დაიწყო, მაგრამ როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პლატფორმა „სალამის“ ბორდის წევრი ქამრან მამედლი ამბობს, 17 მაისს მოსახლეობას შორის მასშტაბური დაპირისპირების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი მოსახლეობას შორის თანაცხოვრების და თანაკვეთის გამოცდილებების ნაკლებობა იყო.

„სიღრმისეულ მიზეზებში თუ ჩავალთ დავინახავთ, რომ ის წყალგამყოფი ხაზები რაც მეორე დღეს გამოვლინდა დმანისში ყოველდღიურობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ეს ადამიანები, ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე, ხშირად ეთნიკური ხაზები არის გადამწყვეტი კომუნიკაციის დროს, ურთიერთობის დროს. ეთნიკური ხაზების მიღმა მათი თანაცხოვრების პრაქტიკა არ არსებობს და თითქოსდა ერთი მუნიციპალიტეტის შიგნით ეთნიკურად აზერბაიჯანელებს განსხვავებული ცხოვრება და ყოფა აქვთ და ეთნიკურ ქართველებს განსხვავებული ცხოვრება და ყოფა. ერთმანეთთან გადაკვეთის წერტილები არსებითად თანაცხოვრებაზე ორიენტირებული არაა და მიზერულია მათ შორის ყოველდღიური ვაჭრობის თუ ურთიერთობის პრაქტიკებიც კი“

მამედლის განმარტებით, დმანისში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებსა და აზრბაიჯანელებს შორის ერთიანობის განცდა არაა და ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის მათი იდენტობა და კუთვნილება მხოლოდ აზერბაიჯანელობაზე დაიყვანება, ხოლო მეორე მხრივ ეთნიკურად ქართველები ფიქრობენ, რომ მათი კუთვნილება და იდენტობა მხოლოდ ეთნიკურად ქართველობაზე დაიყვანება.

პლატფორმა „სალამის“ ბორდის წევრის განცხადებით, დმანისელებს შორის თანაცხოვრების პრაქტიკების არარსებობის გამომწვევი მიზეზი მუნიციპალიტეტში არასამთავრობო სექტორის სიმცირე, მედიების სისუსტე და დისტანცირებული მდგომარეობა და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის თანაცხოვრების პრაქტიკების შექმნასთან დაკავშირებით გადაუდგმელი ნაბიჯებია.

„ამ პრობლემის გამოსავალი ალბათ იქნებოდა გრძელვადიანი მუშაობა, ფოკუსით და აქცენტით იმაზე, რომ ეს ხალხი ერთმანეთთან დავაკავშიროთ, რომ შეიქმნას დმანისელის იდენტობა უფრო ძლიერი, რომელიც გაარღვევდა ყველანაირ ეთნიკურ, კულტურულ, რელიგიურ ხაზებს და ადამიანები საქართველოს მოქალაქეობის გარშემო გაერთიანდებოდნენ და შექმნიდნენ საერთო პრაქტიკებს, როგორიც არის ერთიანი კოოპერატივი, ერთიანი სივრცეებისა და ბიზნესების შექმნა და თანაცხოვრების პრაქტიკების გაძლიერება სახელმწიფოს მხრიდან. მათ შორის ისეთი პროგრამების შექმნა რომლიც გააძლიერებდა ამ ადამიანებში განცდას, რომ ისინი ერთ სფეროს, ერთ სივრცეს ეკუთვნიან“. - ამბობს ქამრან მამედლი

პლატფორმა „სალამის“ ბორდის წევრის განმარტებით, დმანისის მოსახლეობისათვის იმის ჩვენებაა საჭირო, რომ გამოწვევები, პრობლემები, სიღარიბე და გაჭირვება, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს ყველასათვის საერთოა, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. მემადლის განმარტებით, სახელმწიფომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც იმ განცდებზე უნდა იმუშაოს, რომელიც ორივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებშია და ეს იქნება დმანისელებს შორის მომხდარი გაუცხოების გრძელვადიანი გამოსავალი.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები