“მე ვაკეთებ ამის რეკომენდაციას” — გამყრელიძე სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციაზე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, რომ ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო გახდეს. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

გამყრელიძემ თქვა, რომ ვაქცინაციის მოცვა ექიმებში ამჟამად არის 67%, თუმცა ეს მონაცემი მთლიანად სამედიცინო პერსონალზე არ ვრცელდება.

“მხოლოდ ექიმებში გვაქვს 67%. დანარჩენი, ექთნებში და უმცროს სამედიცინო პერსონალში — სანიტრებში — შედარებით ნაკლებია”, — დასძინა მან.

გადაცემის “პოლიტიკის ფორმულა” წამყვანმა NCDC-ის დირექტორს ჰკითხა, რა არის იმის მიზეზი, რომ ექიმებს შორისაც არიან ვაქცინის მოწინააღმდეგენი, რის საპასუხოდაც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ “ანტივაქსერიზმი არ არის პროფესიასთან დაკავშირებული. ანტივაქსერი ყველა ჯგუფშია”.

წამყვანის კითხვას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და ხომ არ უფიქრია სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებაზე, გამყრელიძემ ასე უპასუხა:

“ბევრი გვიფიქრია ამაზე. ჩვენ, ექიმებს, სავალდებულოება გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინის სამედიცინო პერსონალში: ქირურგებში, ანესთეზიოლოგებში, მეან-გინეკოლოგებში. კანონით დადგენილია, რომ ისინი აცრილნი უნდა იყვნენ B ჰეპატიტის, რადგან ძალიან მოწყვლადი ფენაა.

ასევე, წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი აცრილი, ისევე როგორც იგივე ვეტერინარები ცოფის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილნი და ა.შ.

არის ასეთი გამონაკლისები, მაგრამ სავალდებულოება, მოგეხსენებათ, იმუნიზაციასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

თუმცა ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს დღეს კოვიდის საწინააღმდეგო [აცრის ვალდებულება]. მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება და ჯარისთვის აუცილებელი გახადა. იტალიამ გამოსცა ბრძანება და სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი გახადა”.

“თქვენ ხომ არ აპირებთ?” — ჰკითხა წამყვანმა გამყრელიძეს, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

“მე, მაგალითად, ვაკეთებ ამის რეკომენდაციას და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი. მე ყოველ დილას ჩემს დაწესებულებაში ვკითხულობ. ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილას ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ყოველ დილას მჭირდება ახსნა-განმარტება ჩემს კოლეგებთან”.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები