ციხეში ხანძრისას პატიმრების გარდაცვალებაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრისას პატიმრების გარდაცვალებაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება ეხება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებას.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო.

„სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა;

მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის №17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,“
– წერია განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია