შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და სვანეთში 13 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პოლიციამ 1965 წელს დაბადებული ი.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ც., 1996 წელს დაბადებული ა.ფ., 1973
წელს დაბადებული გ.ფ., 1995 წელს დაბადებული მ.გ., 1989 წელს დაბადებული დ.კ., 1993 წელს დაბადებული ს.ბ., 1968 წელს დაბადებული გ.ა., 1990 წელს დაბადებული დ.ზ. მეტსახელად „ქერა“, 1985 წელს დაბადებული გ.ქ., 1973 წელს დაბადებული კ.ვ., 1977 წელს დაბადებული პ.ზ. და 2000 წელს დაბადებული ა.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დააკავა.

მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

ბრალდებულები ი.კ., ა.ფ., და ზ.ც., მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების, ასევე, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან - დ.ზ.-სთან, მ.გ.-სთან, გ.ქ.-სთან, გ.ფ.-სთან, გ.ა.-სთან, ს.ბ.-სთან, დ.კ.-სთან და კ.ვ.-სთან ერთად სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევას“, აქტიურად ერთვებოდნენ სადაო საკითხების განხილვაში, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას, როგორც სიტყვიერად ისე, ძალის გამოყენებით აიძულებდნენ.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები, „ქურდული სამყაროს“ წევრებს საქმის გარემოებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, წარადგენდნენ საკუთარ მოსაზრებებს, აფასებდნენ და ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ მიმართვისთვის ბრალდებულებმა პ.ზ.-მ და ა.ზ.-მ მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“, ნ.ფ.-ს მეტსახელად „ბურდღუნიჩს“ მიმართეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, - განაცხადეს შსს-ში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1