ქალაქ დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ.
როგორც თავად პოლიტიკოსი ამბობს, მისი მანქანის მიმართულებით ხუთჯერ
ისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან.
ტატუაშვილი მომხდარს უკავშირებს მის პოლიტიკურ საქმიანობას და
„ქართული ოცნების ზონდერებს“ ადანაშაულებს.
ყოფილი მერი „ფორმულასთან“ საუბარში ყვება, რომ თავდასხმისას
დმანისიდან თბილისში მიემგზავრებოდა, ხოლო ნასროლი ხუთი ტყვია მოხვდა
ავტომობილს – „ვიდეორეგისტრატორზე არის ჩანაწერი. მანქანას საბურავი
აქვს დახვრეტილი, მძღოლის სავარძელშია
გაჩერებული ტყვია“.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული – 236-ე და
187-ე [სხვისი ნივთის დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარება]. სხვა დეტალებზე უწყებაში ამჟამად არ
საუბრობენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი
აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ტატუაშვილის „ლიკვიდაცია აქვს
განზრახული“. მისივე და ყოფილი მერის მტკიცებით, თავდასხმის უკან
დგანან იგივე პირები, ვინც 2021-ის საარჩევნო კამპანიის დროს მოაწყო
ძალადობა.
ტატუაშვილი დმანისის მერად 2017 წელს აირჩიეს – მაშინ ის „ოცნების“
წევრი იყო, თუმცა კონკურენტი კანდიდატის [კახა ოქრიაშვილი] საარჩევნო
კამპანიის მხარდაჭერის გამო 2020-ში მმართველი პარტიიდან გარიცხეს.
2021-ში იგი კენჭს იყრიდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,
მაგრამ მეორე ტურში განიცადა მარცხი.