შსს: პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით აქციის 13 მონაწილე დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

"პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.

შესაბამისად,
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისვროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანებსა და საღებავებს.

ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქცია განათავსეს საავტომობილო გზაზე.

პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება, პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება"
- აცხადებს შსს.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები