უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ რუსეთის
განცხადებების მიუხედავად,
მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთი მინიმალური მიღწევებისთვის უჩვეულო
ფასს იხდის, - ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრის,
„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ კვლევაშია
აღნიშნული.
ორგანიზაციის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ 2022 წლის თებერვლიდან
მოყოლებული, რუსეთის მხრიდან ომში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა,
დაიჭრა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ მონაცემებიდან მხოლოდ დაღუპულთა
რაოდენობა თითქმის 325 000
ადამიანს შეადგენს.
„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ინფორმაციით,
მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს უკრაინულმა ძალებმაც. უკრაინის
მხრიდან ომში დაღუპულთა რაოდენობა 100 000-140 000 ადამიანს შეადგენს.
დაღუპულთა, დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი
500 000-600 000-ია.
„
რუსეთისა და უკრაინის ჯამური დანაკარგები, შესაძლოა, 1.8
მილიონი იყოს და 2026 წლის გაზაფხულისთვის, შესაძლოა, ორ მილიონს
მიაღწიოს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.