მარნეულის სტადიონის რეაბილიტაცია 150 000 ლარიანი პროექტის კორექტირების შემდეგ დაიწყება
მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია შესაძლოა წელს დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზარ ტაბატაძემ მარნეულის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სტადიონისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებს, რადგან 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში.

როგორც მარნეულის მერიიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, ამ ეტაპისათვის სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს მთავრობის დადგენილებასთან სისრულეში მოყვანა მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის კორექტირებაა საჭირო.

მას შემდეგ, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სისრულეში მოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მას რეგიონალური განვითარების ფონდს გადაუგზავნის. ფონდი გამოაცხადებს ტენდერს, რის შემდეგაც ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მიერ, 2016 წელს შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „საუკი“-მ დაამზადა. მათ მიერ შედგენილი გეგმის თანახმად, მარნეულის სტადიონი 1 500 კაცს დაიტევდა, იქნებოდა მაღალი ხარისხის ხელოვნური ბალახით დაფარული, დამონტაჟდებოდა თანამედროვე ტიპის დიოდური ტაბლო, საპარკინგე ზონა, 2 სართულიანი შენება, სადაც 4 საპირფარეშო, 6 აბაზანა და 30 ადამიანზე გათვლილი საპრესკომფერენციო დარბაზი იქნებოდა, რაც მთლიანობაში ფიფას მეორე კატეგორიის სპორტული მოედნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისათვის ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტია საჭირო. პროექტის მთლიანად რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები