პანდემიური წლის სპორტული შედეგები მარნეულში
ხუთი თვეა, რაც მარნეულში სპოტულ სკოლებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცათ. 2 000 სპორტსენი და 63 მწვრთნელი ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩავარდნილი წლის ამოვსებას ცდილობს.

ფაიგ მამედოვისთვის კორონავირუსის პანდემია ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა. გადაიდო კიკ-ბოქსინგის ათობით ტურნირი, ვარჯიშები, სხვადასხვა ღონისძიება და სწავლებამ ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა. მწვრთნელი ამბობს, რომ ძნელია დისტანციურად რაიმე წარმატებას მიაღწიო, როცა საქმე ფიზიკურ აქტივობას ეხება. ახლა ორმაგი დატვირთვით მუშაობს. სპორტსმენებს დავიწყებულ ილეთებს ახსენებს და ახალ დავალებებს აძლევს.

„პანდემდე, ბავშვები არაერთ შეჯიბზე გადიოდნენ. ხშირად ვიმარჯვებდით. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე ჰუსეინ ქერიმოვი. მხოლოდ ახლახან შეძლეს სპორტით დაკავება. ვცდილობთ, ფორმაში ჩავდგეთ. ძალიან რთული დღეები გადავიტანეთ. მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა სიტუაცია რეგულირდება. „ფეისბუქზე“ წავიკითხე, რომ მეოთხე ტალღის საშიშროებაც არის. ეს სიკვდილის ტოლფასი იქნება. ისევ გაჩერდება ყველაფერი. არ მჯერა, რომ საქართველო ამას გადაიტანს. პანდემიამდე ბავშვების რაოდენობა უფრო მეტი იყო. ახლა, დაახლოებით 90-მდე ბავშვი მყავს. პანდემიამდე კი 120-130 მყავდა. 30-40 ბავშვით შემცირდა“.



პროფესიული სირთულეების გარდა, პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ფაიგ მაედოვის ფინანსურ მდგომრეობაზეც. შეუმცირდა შემოსავალი და გაეზარდა საკრედიტო ვალდებულება.

„სახელმწიფო მიხდიდა ხელფასს 588 ლარს. ოჯახში მე, მეუღლე, დედა და ორი შვილი ვცხოვრობთ. პანდემიის პერიოდში მესამე კრედიტი მქონდა და დიდი სირთულეები შემხვდა. პროცენტები ზედიზედ იმატებდა. ადრე 200 ლარს თუ ვიხდიდი, ახლა 225 ლარს ვიხდი. ყოველ თვე 25-30 ლარით მეტს ვიხდი. ამით ოჯახისთვის პურის ფული მაკლდება.“


ფაიგი ერთადერთი სპორტსმენი არაა ვინც, რთულ მდგომარეობაშ აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ სპორტსკოლის ყველა მწვრთნელი სოციალური პრობლემების წინაშე დადგა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ააიპ სპორტული სკოლა ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზეა და ყოველწლიურად, მინიმუმ მილიონი ლარით ფინანსდება. სკოლაში სპორტის 20 სახეობაა განვითარებული და 87 ჯგუფი ვარჯიშობს. მუნიციპალიური ააიპ-ის ხელმძღვანელი მამუკა ნავერიანი ამბობს, რომ რამდენიმეთვიანი დისტანციური სწავლების მიუხედავად, სპორტული შედეგები დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. პანდემიის პირობებში ვერ მოხერხდა ბიუჯეტის სრულად ათვისებაც. ერთადერთი, რაზეც თანხა იხარჯებოდა, მწვრთნელების ანაზღაურება იყო. ჩაკეტილობამ მოსწავლეთა რაოდენობა სპორტულ სკოლაში დაახლოებით 30%-ით შეამცირა, თუმცა ეს მწვრთნელების ხელფასებზე არ ასახულა.

„ჩვენ, პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად, შეწყვეტილი გვქონდა საწვრთნელი პროცესი. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახა ბიუჯეტის ხარჯვის პროცესზე. კომუნალური ხარჯები, შეჯიბრებებზე მივლინება, ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება - ბუნებრივია, პანდემიის დროს ეს ყველაფერი იყო შეზღუდული და ბიუჯეტის ხარჯვის პროცესიც შეჩერებული გვქონდა და ვერ მოხდა გეგმიური ათვისება. ახლაც ჩვენი გეგმები, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პანდემიის პროცესი. ასევე, ფეხდაფეხ მივყვებით სპორტული ფედერაციის გეგმას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მარნეულში შიდა ტურნირების ჩატარება სხვადასხვა სპორტულ სახეობაში. იმისთვის, რომ გავზარდოთ კონკურენცია, სხვადასხვა სორტის სახეობაში გვყავდეს განსაზღვრული მარნეულის ნაკრები, ვისზეც ვიქნებით ორიენტირებული პროფესიონალური სპორტის განვითარების კუთხით“.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სკოლაში წარმატება იზეიმეს. 20-25 ივლისს, ბათუმში მშვილდოსნობაში, კადეტებს შორის, „საქართველოს ჩემპიონატი“ და „საქართველოს თასის გათამაშება“ გაიმართა. ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის სპორტული სკოლის სპორტსმენები სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი. ერთმა ოქრო, ხოლო მეორემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.



ჯერ-ჯერობით, მშვილდოსანი გოგონების მიღწევა მარნეულში, სხვა სპორტის სახეობებში ვერავინ გაიმეორა. ამისთვის სათანადოდ ვარჯიში და მომზადება ვერ მოახერხეს.

2021 წელს მარნეულის სპორტული სკოლის ბიუჯეტი 1 400 000 ლარით განისაზღვრა. მამუკა ნავერიანი იმედოვნებს, რომ თანხის სრულად ათვისებას შეძლებენ. ჩაატარებენ შიდა ტურნირებს და კიდევ ბევრჯერ იასპარაზებენ სხვადასხვა შეჯიბრში.
მარნეულის სპორტული სკოლის გარდა, სპორტის განვთარების ვალდებულება აქვს აღებული მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას.

სამსახურის უფროსი, ელგუჯა კუპატაძე ამბობს, რომ, ფაქტობრივად, ერთი წელი გამოტოვეს. მხოლოდ ახლახან დაიწყეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ძველი ბიუჯეტის ათვისება. პანდემიამ შეაჩერა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სპორტული დარბაზის მშენებლობა, რაც ბიუჯეტს 408 452 ლარი უჯდება. 2019 წელს დაწყებული საქმე დღემდე დაუსრულებელია. კუპატაძის თქმით, თუ ხელი არაფერმა შეუშალათ, მრავალფუნქციური დარბაზის მშენებლობა ახლო მომავალში დასრულდება. უწყების დაპირებით, მიმდინარე წელს, მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანს 11 სოფელში მოაწყობენ.





„ჩვენ, ძველი რიტმით დავიწყეთ მუშაობა. შეჩერებული პროექტების აღდგენა, ახლის დამატება და ახლა ბევრ სოფელში: ახლოლალოში, ხიხანში, კაჩაგანში, სიონში, იმირში, ქეშალოში მიმდინარეობს სტადიონების მშენებლობა. სხვადასხვა ეტაპებზეა, თუმცა წლის ბოლომდე ყველა უნდა დასრულდეს. ასევე, გეგმაში გვაქვს სოფელ წერეთელში და ყიზილაჯლოში კომბინირებული სტადიონების მშენებლობა. საშუალოდ, ერთი სტადიონის ღირებულება არის 130 000 ლარის ფარგლებში და ასეთი გვაქვს ცხრა. ორი კიდევ დაგეგმილია. ახლა ხდება პანდემიის დროს შეჩერებული თანხების ათვისება და ახლის დამატება“.

ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, მარნეულის მერია, სპორტულ სკოლასთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ღონისძიების გამართვას აპირებს. მარნეულის სპორტული სფეროს წარმომადგენლებს დიდი გეგმები აქვთ და მათ განხორციელებას ახლო მომავალში აპირებენ. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. კორონავირუსის დღიურად დადასტურებული 5 000 შემთხვევა და საშუალოდ 50 გარდაცვლილი დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.

Print