მარნეულელი სალომე ხარშილაძე ახალგაზრდა გოგოებს შორის მშვილდოსნობის ჩემპიონი გახდა
15 ნოემბერს მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონის ტიტული ოთხ კატეგორიაში გათამაშდა. ეს კატეორიებია უფროსი და ახალგაზრდა ვაჟები და უფროსი და ახალგაზრდა ქალები.

საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდა:

უფროსი ვაჟები - თბილისის წარმომადგენელი სანდრო მაჭავარიანი
ახალგაზრდა ვაჟები - თბილისის წარმომადგენელი თემურ ვაკიევი
უფროსი ქალები - აჭარის წარმომადგენელი ციკო ფუტკარაძე
ახალგაზრდა ქალები - მარნეულის წარმომადგენელი სალომე ხარშილაძე

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის სპორტსკოლის მშვილდოსნობის სექციის მწვრთნელმა გიორგი გორდეზიანმა განაცხადა, რომ მარნეულიდან შეჯიბრში მონაწილეობას სამი მშვილდოსანი იღებდა.

ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო ახალგაზრდა გოგონებს შორის სადაც მონაწილეობდა ჩვენი მარნეულის სამი წარმომადგენელი. მათ შორის ორი, სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი გავიდნენ ფინალში და მათ შორის გაიმართა საჩემპიონო ბრძოლა რომელიც დამთავრდა სალომე ხარშილაძის გამარჯვებით, ვერცხლი მოიპოვა თათა ნავერიანმა. რაც შეეხება მესამე მონაწილეს, ეს იყო მირანდა საგინაძე რომლისთვისაც ეს შეჯიბრება იყო პირველი. მართალია, ამ გოგონამ ფინალში ვერ გააღწია, მაგრამ ძალიან სერიოზული, მებრძოლი, თვისებები გამოავლინა და ყველა სპეციალისტის მოწონება დაიმსახურა“. - გვითხრა გიორგი გორდეზიანმა

ახალგაზრდა ქალებს შორის პირველი ადგილის მოპოვება მოსალოდნელი იყო სალომე ხარშილაძისათვის. როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, გამარჯვებისათვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და შეჯიბრზეც გამარჯვების შემართებით გავიდა.

„თან ვღელავდი, თან თითქოს ვიცოდი რომ პირველ ადგილს ავიღებდი. ძალიან დიდი შემართებით წავედი, თითქოს ვიცოდი, რომ უნდა მომეგო. აღფრთოვანებულიც ვიყავი, თან ბედნიერი ვიყავი და გარკვეულწილად ველოდი კიდეც გამარჯვებას. რაც შეეხება კონკურენციას, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, ძალიან ბევრი მონაწილე იყო და არავინ არაფერს თმობდა, ყველა პირველობისათვის იბრძოდა“. - ამბობს სალომე ხარშილაძე

ოთხივე კატეგორიაში გამარჯვებულები ერთმანეთს თენგიზ ნავერიანის თასის მოსაპოვებლად დაუპირისპირდნენ. სალომე ხარშილაძე ნავერიანის თასისათვის საბრძოლველად ფინალშიც გავიდა, მაგრამ გამარჯვება თემურ ვაკიევმა მოიპოვა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის სპორტსკოლის მშვილდოსნობის სექციის მწვრთნელმა გიორგი გორდეზიანმა განუცხადა, რომ მარნეულში მშვილდოსნობაში სხვადასხვა სახის შეჯიბრი 2015 წლიდან იმართება, ხოლო თენგიზ ნავერიანის სახელობის თასის გათამაშება ტრადიციულ სახეს მიიღებს და მარნეულში ყოველწლიურად გაიმართება.

რადიო „მარნეული“


Print