ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
პი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2021 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში სამი პირი, მათ შორის ბინის მესაკუთრე და ორი მუშა დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 3 არასრულწლოვანი იყო.
წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები