8 წლის წინ დაწყებული მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა წელს დასრულდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის მშენებლობისათვის სამუშაოები 8 წლის წინ დაიწყო. ქალაქის ცენტრში სტადიონის მშენებლობის სამუშაოების საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მერიამ ჯერ კიდევ 2016 წელს შეისყიდა.

UEFA II კატეგორიის 2 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანის მშენებლობა მარნეულში ამ დრომდე გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს მარნეულის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა.

„მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა აშენდება. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.“
- აღნიშნულია მარნეულის მერიის განცხადებაში

მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს. პროექტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 8 100 000 ლარია. მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის დეკემბერში დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ სტადიონისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებდა, რადგან 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში. 2019 წელს საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვილიება შევიდა რის შემდეგაც სამუშაოებისათვის პირველი ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც სწორედ შეცვლილი/შესწორებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ჩაიშალა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print