საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფინალის დარი მატჩით დაასრულა. საქართველო-ისლანდიის თბილისურ დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველად ისტორიაში.


შეხვედრამდე ხშირად იყო ნახსენები სიტყვა „ისტორიული“. მართლაც, ჩვენი გუნდი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ახლოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრასთან. თუმცა ნებისმიერი მიზნის მისაღწევად დიდი შრომაა საჭირო, მით უმეტეს, ასეთი მიზნის, რომელიც, ილიას ზუროსის სიტყვებს თუ მოვიხმობთ, იშვიათად გეძლევა.

მეტოქეც შესაბამისი იყო – თუ ჯგუფში საქართველომ ესპანეთი დაამარცხა, ისლანდიამ – იტალიას სძლია. მისი დამარცხება კი იოლი საქმე რომ არ იყო, პირველ მატჩშიც დავრწმუნდით – საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში ანგარიშით 88:85 გაიმარჯვა.


თბილისურ შეხვედრაში მთავარი ამოცანა მეტოქის სწრაფი შეტევების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა იყო. რადგან ფარქვეშ უპირატესობა საქართველოს აქვს (მაღალი კლასის მოთამაშეების ხარჯზე), ისლანდიელები აქცენტს მაღალ ტემპში თამაშზე ამახვილებდნენ. პირველ ტაიმში მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საქართველოს ნაკრების პერიმეტრის კარგ დაცვაზე მიუთითებს. თუმცა მეტოქემ სხვა მიმართულებით შეგვიტია – კონტაქტურ თამაშზე წავიდა და საწყის 20 წუთში 16 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 15 ჩააგდო.


საქართველოს შემადგენლობაში კი ქულებს ქულებზე აგროვებდნენ გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია. დაცვაში კარგად თამაშობდა დუდა სანაძე. მატჩი დასაწყისიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გამარჯვებულისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელის ბედი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო და ასეც მოხდა – საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში სამ ქვეყანაში გაიმართება – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები