საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან ფრით გახსნა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „ბათუმი არენაზე“ ევრო 2024-ის პირველ მატჩში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.


ეს „ჯვაროსნებისთვის“ შესარჩევში პირველი მატჩი იყო, ნორვეგიელებმა კი პირველი შეხვედრა 25 მარტს მალაგაში ესპანეთთან 0:3 წააგეს და იმედოვნებდნენ, რომ ქულებს საქართველოსთან მოიპოვებდნენ. ამ საქმეში მათ ვერ ეხმარებოდა მთავარი დამრტყმელი ძალა, „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ერლინგ ჰალანდი, რომლის არყოფნაში ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ძირითადში „რეალ სოსიედადის“ ფეხბურთელი ალექსანდრ სორლოტი დააყენა.

საწყის წუთებში ნორვეგიელები ბურთს აკონტროლებდნენ და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნეს. საჯარიმოსთან გათამაშებული შეტევის შემდეგ ფრედრიკ აურსნესმა დასარტყმელ პოზიციაზე ალექსანდრ სორლოტი გაიყვანმა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 0:1.


ნორვეგიელები პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, 34-ე წუთზე ჩვენი გუნდი მეორე გოლს გადარჩა – მოჰამედ ელიუნუსის დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, ხოლო ფრედრიკ აურსნესმა დამატებაზე ააცილა.

მსპინძელთა მხრიდან პირველი რეალური საგოლე მომენტი 39-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – საქართელოს ნაკრებმა, როგორც იქნა, კონტრშეტევის განხორციელება მოახერხა, ირაკლი აზაროვმა კი საჯარიმოში ხვიჩა მოძებნა, რომელმაც ბურთი მოჭრა, მაგრამ მისი დარტყმული კარს ოდნავ ასცდა.


მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა მოედანზე ბუდუ ზივზივაძე და საბა ლობჟანიძე შეიყვანა, სათამაშო სქემა კი 4-4-2-ით შეცვალა. ამას დაემთხვა ჩვენი გუნდის პირველი კარგი შეტევა, ბუდუ ზივზივაძემ გიორგი მიქაუტაძეს კარგი პასი მიაწოდა, „მეცის“ თავდამსხმელმა კი მოედნის ცენტრიდან ბურთი შესანიშნავად წაიღო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა წონასწორობა აღადგინა – 1:1.

საქართველო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ნორვეგიელებმა 72-ე წუთზე სახიფათო კონტრშეტევის განხორციელება მოახერხეს, მეკარესთან ისევ სორლოტი დარჩა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გოლს გადაარჩინა. 77-ე წუთზე მშვენიერი შანსით ისევ სორლოტმა ვერ ისარგებლა, დამატებაზე კი მარტინ ედეგორმა კარს ააცილა.

ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.


საქართველო-ნორვეგია 1:1

საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია (კაპ), კვირკველია, ტაბიძე (59. ზივზივაძე), აზაროვი (70, გოჩოლეიშვილი) – კვეკვესკირი, აბურჯანია (90, გაგნიძე) – დავითაშვილი (59. ლობჟანიძე), კვარაცხელია – მიქაუტაძე (90. ბერიძე).

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი –ჩაკვეტაძე, სიგუა, ვოლკოვი, საზონოვი, დვალი

მწვრთნელი: ვილი სანილი (საფრანგეთი)

ნორვეგია: ნიულანდი, პედერსენი (90+5. რიერსონი), სტრანდბერგი, ოსტიგარდი, მელინგი, ედეგორი (კაპ), ბერგი (90+5. ტროსტვედტი), აურსნესი, სოლბაკენი (82. ბრინჰილდსენი), სორლოტი, ელიუნუსი (77. ბერგე).

სათადარიგოები: კარლსტრიომი, სელვიკი – ტორსბი, გრეგერსენი, ბიორკანი, ვეტლესენი, ანჩე-ოლსენი, ლარსენი.

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი


წყარო: პირველი არხი
Print