მერიამ ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად პროგრამა შექმნა, დახმარება ჯერ არც ერთ ქალს არ მიუღია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად ერთადერთი პროგრამა აქვს, რომლითაც არავის უსარგებლია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური ჯანდაცვის პროგრამა რომლის მეშვიდე მულხიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის დახმარებას გულისხმობს,  2024 წელს შეიქმნა.

მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტმა, ნინო ხარაიშვილმა, რადიო „მარნეულს“ 7 ივლისს განუცხადა, რომ პროგრამის შემუშავება ორი ბენეფიციარის საფუძველზე გადაწყვიტეს. მაშინ,  როდესაც ძალადობის მსხვერპლებმა  მუნიციპალიტეტს მიმართეს.

ხარაიშვილის თქმით, იმ დროისთვის პროგრამა არ არსებობდა, ამუშავების შემდეგ კი მიმართვიანობა არ აქვთ.

„ადრე ამ თემასთან დაკავშირებით იყო მომართვიანობა და შესაბამისად, ეს მუხლი, ამიტომ ჩაიდო პროგრამაში. ამ ეტაპზე, ამ მუხლით, არცერთ ბენეფიციარს არ უსარგებლია. თუ მომართვიანება იქნება, რა თქმა უნდა იმუშავებს პროგრამა. თან უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია. პროგრამა რომ გავაკეთეთ, პრეზენტაციაც გვქონდა და ინფორმირებულები არიან ადმინისტრაციულ ერთეულებშიდაც და სხვადასხვა უწყებებსაც გავუგზავნეთ წერილი. თუ საჭიროება დადგება, ძალადობის მსხვერპლებს ჩვეულებრივად დავეხმარებით“ - თქვა ნინო ხარაიშვილმა

პროგრამის მიხედვით, დახმარება შეიძლება გაეწიოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ძალადობის მსხვერპლ ქალს, თუ მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი/შვილები. ფინანსური მხარდაჭერა 3 თვის განმავლობაში 300 ლარს შეადგენს.

წარსადგენი დოკუმენტაცია:
  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ცნობა არასრულწლოვნ(ებ)ის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ, ოჯახის შეფასების დასკვნა /ან სარეკომენდაციო წერილი, ძალადობის ფაქტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან.
მარნეულში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული მომსახურებები საკმაოდ შეზღუდულია. მერიის გარდა, ერთ-ერთი სივრცე, კრიზისული ცენტრია, სადაც 2024 წლის განმავლობაში მხოლოდ 16 მარნეულელმა ქალმა მიმართა.

ეს ციფრი მკვეთრად არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც სხვა უწყებების, მაგალითად პოლიციის, სტატისტიკაში ჩანს, სადაც ძალადობის შემთხვევები გაცილებით მაღალია. ეს შესაძლოა მიუთითებს როგორც ცნობიერების დეფიციტზე, ასევე სერვისებზე წვდომის რეალურ სირთულეებზე.

ამავე თემაზე: „ამდენი წელია მანდ ხარ, მოითმინე“ — ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომლის დუმილი შვილმა გაარღვია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები