სტამბოლში, ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან
თურქეთის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სტამბოლში, სანტა მარიას კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმასა და ერთი ადამიანის მკვლელობაში. ამის შესახებ 28 იანვარს, ღამით განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.

მინისტრის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და სავარაუდოდ, კავშირი აქვთ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, თავდასხმის შემდეგ სტამბოლში, 30 მისამართზე რეიდები ჩაატარეს და ამ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის მქონე 47 პირი დააკავეს.

სტამბოლის ევროპულ ნაწილში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ტაძარში ორი შეიარაღებული პირი 28 იანვარს, დილით, ღვთისმსახურებისას შევიდა და ცეცხლი გახსნა. მოკლულია მამაკაცი, რომელიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქი იყო და ნათესავების თანახმად, ქრისტიანობის მიღებას აპირებდა.

BBC-ს ინფორმაციით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ორგანიზაციის თურქეთის განყოფილების წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეასრულეს ხელმძღვანელობის მითითება - გაუსწორდნენ ქრისტიანებს და ებრაელებს.

ეკლესიაზე თავდასხმა დაგმეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და სტამბოლის მერმა ექრემ იმამოღლუმ. სტამბოლის სანტა მარიას ეკლესიის მრევლს სამძიმარი გამოუცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər