მარნეულში ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერდა - მერია
ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ სამუშაოების შეჩერება უამინდობის გამო გახდა საჭირო.

„უამინდობის გამო შეჩერებულია მუშაობა. როგორც კი ამინდი შესაძლებლობას მისცემს მშენებლებს რომ გააგრძელონ მუშაობა, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას რამოდენიმე დღეში“. - განაცხადა მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის განახლდება დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე სამუშაოები.

„ჩვენს ინტერესებში და კომპანიის ინტერესებშიც შედის, რომ სამუშაოები მალე დასრულდეს“. - თქვა დავით ჭიკაძემ

აღსანიშნავია, რომ 8 იანვარს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსურლებელი კომპანიის შპს „ირლანის“ დირექტორმა თემურ თაბუკაშვილმა განაცხადა, რომ ხიდის სარებაილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლომდე დასრულდება. დღეს, 29 იანვარს, ვცდილობდით თემურ თაბუკაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

30 ნოემბრიდან მაღალაშვილის ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა, რამაც ქალაქში საცობები გამოიწვია. მარნეულის მერიაში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 20 დეკემბერს აღდგებოდა, შემდეგ კი დაგვპირდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ახალ წლამდე აღდგებოდა, მაგრამ მანქანებს ხიდზე გადაადგილება ამ დრომე არ შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული საცობების განსამუხტად მაღალაშვილის ხიდის დაბლა დროებითი სარკინიგზო გადასასვლელიც მოაწყო.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər