ოფრეთში სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოს შესაკეთებლად მერიამ 9 990 ლარი დახარჯა
ოთხი თვის განმავლობაში მარნეულის სოფელ ოფრეთში სასმელი წყლის საქაჩი ტუმბო მეორედ გაფუჭდა. მარნეულის მერიის მიერ ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი კაციტაძესთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 2024 წლის 21 თებერვალს მერიას ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სოფელში დამონტაჟებული სასმელი წყლის საქაჩი ტუმბოს ძრავი მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც სოფელ ხოხმელსა და ოფრეთს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.

„ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ადგილეზე იქნა შესწავლილი საკითხი და პრობლემის გადაჭრის მიზნით საჭიროა სასმელი წყლის ძრავის (30კვტ 2940 ბრ/წთ), ტექნიკური ნაწილების და ელექტრო კარადის გამართვის (შეკეთება და მოწობის) მომსახურების შესყიდვა“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი კაციტაძესთან 9 990 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა 4 მარტს გააფორმა.

მარნეულის მერიამ სოფელ ოფრეთში სასმელი წყლის საქაჩი ტუმბო 2023 წლის ნოემბერშიც შეაკეთა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინდივიდუალურ მეწარმე ბორის ბეჭვიას ცენტრალური ტუმბოს შესყიდვასა და მონტაჟში 6 000 ლარი და 30 თეთრი გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში წყალმომარაგების ახალი სისტემის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 350 027 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər