მარნეულის მერია 6 ახალ ავტომობილს შეიძენს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 6 ახალი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიზნობრიობის დასაბუთების მიხედვით, მარნეულის მერია ახალი ავტომობილების შესყიდვას ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების, ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის, საფინანსო-საბიუჯეტო, ზედამხედველობისა და ქონების მართვისა და მატერილაურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებისათვის გეგმავს.

შესყიდვის მიზნობრიობის დასაბუთებაში აღწერილია ის სამუშაოები, რასაც მერიის სამსახურები ახორციელებენ და აღნიშნულია, რომ მანქანების შესყიდვა ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო ინტერესებშია და ყოველდღიურად დგას მოსახლეობისათვის შესაბამისი სასიცოცხლო მნიშვნელობის მუნიციპალური სერვისების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფის საჭიროება.

„მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით 6 ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესყიდვის აუცილებლობა უდგას უსათუოდ ამღამად მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას დღის წესრიგში, თან მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც უკვე აქამდე არსებული მუნიციპალურ ავტოპარკში თვითმმართველობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებიდან მნიშვნელოვანი მოძველებული ნაწილი აუქციონის გზით გასხვისებულ იქნა სხვა მსურველ კერძო პირებზე და დარჩენილ გარკვეულ ნაწილსაც იგივე ბედი ელის“ - აღნიშნულია შესყიდვის დასაბუთებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 6 ახალი ავტომობილის შესყიდვისათვის 345 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 15-დან 18 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მერიას ავტომობილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər