კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა, არ ასახელებს ვისზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს.

“საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ
არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.

თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”,
– წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კობახიძე წერს, რომ ამ ინფორმაციას პრევენციის მიზნით ასაჯაროებს. პრემიერ-მინისტრი ისევ აგრძელებს “გლობალური ომის პარტიის” შესახებ კონსპირაციული თეორიების გავრცელებას და ამტკიცებს, რომ “წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული”.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər