„სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება“ — სპორტის ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება
სპორტის სფეროში მომუშავე ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.

განცხადების ხელმომწერების თქმით, მიიჩნევენ, რომ ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული.

„ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული ჟურნალისტები, ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.

ჩვენი აზრით, ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული. სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება,“
— ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ცნობილი სპორტსმენები არიან, რომლებსაც გამომდინარე მათი გამორჩეულად კარგი სპორტული კარიერისა, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა:

„ამისი დასტურია ის უდიდესი ისტორიული წარმატება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ერი ერთად ზეიმობდა და რომლის გამოც, კანონისთვის ხმის მიმცემ 84 დეპუტატს შორის მყოფი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ღირსების ორდენზეა წარდგენილი.

საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს
ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას! ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და რა თქმა უნდა, ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას,“
— აცხადებენ ხელმომწერები.

განცხადებას უერთდებიან:
  • სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport);
  • სალომე საგინაშვილი (90 წუთი);
  • დავით ერაძე (Mtavari Tv);
  • ირაკლი იმედაძე;
  • მაგდა კლდიაშვილი (Recorder);
  • ლევან ყუფარაძე;
  • საბა საბანაძე;
  • სანდრო ბრაგვაძე (Gms Tv / Geo Rugby);
  • ტატო ნიკურაძე (Free rugby);
  • შალვა ქობალია (Marca);
  • ეკა ელოშვილი;
  • ნიკა ბაიდაური (საფეხბურთო კლუბი დილა);
  • გუგა როგავა;
  • ნიკა მითაიშვილი;
  • თინათინ ცეცხლაძე (Marca);
  • ირაკლი ფოფხაძე;
  • დიმა შარიქაძე;
  • სალომე ბალახაშვილი
  • სალომე ხარატიშვილი (სპორტული გაზეთი ლელო)
  • გიორგი გელაშვილი ( საფეხბურთო კლუბი ორბი / ხაშურის ივერია)
  • ზაქრო გალუსტაშვილი
  • გიორგი ხარშილაძე
  • ნოდო ბროლაშვილი
  • ცოტნე შაორშაძე ( TST სპორტი)
  • თაზო კურტანიძე ( TST სპორტი)

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər