ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი — კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

„წავიკითხე დასკვნა და როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი. უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი როგორც იურისტი, როდესაც ვკითხულობდი ამ დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ. არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და
ტყუილებით. უამრავი სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა არგუმენტების გარეშე“,
— განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მისი თქმით, საზოგადოება უყურებს არა იმას, რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ სად არის სიმართლე.

„ამიტომ ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამას მათ შორის იგულისხმება ის, რომ უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ“, — დასძინა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვენეციის კომისიას „ათქმევინეს“, გამჭვირვალობა არ ვარგაო.

ვენეციის კომისიამ 21 მაისს გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც საქართველოში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვენეციის კომისიის დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ვენეციის კომისიის მყარი რეკომენდაციაა, კანონი არსებული ფორმით იქნას გაწვეული, რადგან მის ფუნდამენტურ ხარვეზებს ექნება ნეგატიური შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო ასპარეზზე საქმიანობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər