კიდევ რა გჭირდებათ, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს – ლექსმანი ბორელს და მიშელს მიმართავს
ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ღია რეესტრის შექმნის დაანონსება, სადაც გეგმავენ იმ ადამიანთა შეყვანას, ვინც ონლაინ სივრცეში ხელისუფლებას აკრიტიკებს და მათვე აზრით, „სიძულვილს და ზიზღს აღვივებს“. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართა კითხვით, კიდევ
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს.

„ძვირფასო ჯოზეფ ბორელო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტო, კიდევ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ საბოლოოდ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებისთვის, გაიყინოს ევროკავშირის დაფინანსება და შეწყდეს წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა?

ახლა დროა გადავარჩინოთ ქართული დემოკრატია და დავდგეთ ხალხის გვერდით“,
– წერს მირიამ ლექსმანი.

მირიამ ლექსმანი X-ზე კიდევ ერთი პოსტით გამოეხმაურა საქართველოში ოპოზიციის წევრებსა და აქტივისტებზე მომხდარ თავდასხმებს და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზღვარი გადალახა.

მან ისევ მიმართა ჯოზეფ ბორელსა და შარლ მიშელს, რომ „სიტყვების დრო დასრულდა“ და დროა ევროკავშირი ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს.

„ეს უნდა შეწყდეს! მუქარა, თავდასხმა, ცემა, შევიწროება. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ზღვარი გადალახა და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიისწრაფვის“, – წერს მირიამ ლექსმანი.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər